27 თებერვალს ქართველი მეცნიერის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორისა და ამავე ფაკულტეტის ივანე სურგულაძის სახელობის ძველი ქართული სამართლის, რომანისტიკისა და სამართლის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, ნუგზარ სურგულაძის 75 წლისა და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.
თსუ იურიდიული ფაკულტეტის ინიციატივით მომზადებულ კრებულში წარმოდგენილია როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტების სტატიები სამართლის სხვადასხვა დარგის აქტუალურ საკითხებზე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი, პროფ. ჯაბა სამუშია, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. მორის შალიკაშვილი, აკადემიური წრის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, კრებულის თანაავტორები და სტუდენტები.
გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ბატონი ნუგზარის უდიდეს ღვაწლს სამართლის ისტორიის კვლევაში, ისაუბრეს მისი მრავალწლიანი, ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ, აგრეთვე აღინიშნა მისი პედაგოგიური ღვაწლი და ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომელსაც ბატონი ნუგზარი იჩენს მომავალ იურისტთა პროფესიული ჩამოყალიბების პროცესში.
იურიდიული ფაკულტეტი აგრძელებს დამკვიდრებულ ტრადიციას: სამომავლოდ დაგეგმილია ღვაწლმოსილი პროფესორებისადმი მიძღვნილი არაერთი საიუბილეო კრებულის (Liber Amicorum) გამოცემა მეცნიერებაში მათ მიერ შეტანილი წვლილის აღსანიშნავად.